f
ორშაბათი 20, ნოემბერი 2017

ჩვენს შესახებ

რადიო "აჭარა" - ყველაზე უხუცესი და ამასთან თანამედროვე რეგიონული რადიოა  საქართველოში. პირველი ინფორმაცია  ჩვენს ეთერში 1930 წლის 23 მაისს გავიდა - თბილისში პირველი რადიოგადამცემის დადგმიდან ხუთი  წლის შემდეგ.

რადიოს ოქროს ფონდში ცნობილი ადამიანების, ქართული თეატრის კორიფეების, მწერლების, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ასობით იშვიათი ჩანაწერია დაცული.

მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, მოგვიანებით კი საშუალო ტალღოვანი სადგური ამოქმედდა. 1998  წლიდან  რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა. 2001 წლიდან თანამგზავრული კავშირის მეშვეობით რადიო "აჭარას" მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ.

2011 წლის 23 მაისიდან  რადიო "აჭარა" განახლებული ეთერით მაუწყებლობს. რადიო აჭარის მუსიკალური პროგრამა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვისაა გათვლილი. აქ ცნობილ შლიაგერებთან ერთად, უახლეს ჰიტებსაც მოისმენთ. სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების მოყვარულთ კი ძალიან საინტერესო თემატური გადაცემები ელით; ათობით საინტერესო რუბრიკა, მხიარული  ვიქტორინები და არაჩვეულებრივი მუსიკა სწორედ ის რეცეპტია კარგი განწყობის შესაქმნელად რომ გამოდგება.

გარდა ამისა, რადიო აჭარა გთავაზობთ გაიგოთ მეტი რეგიონში და რეგიონს გარეთ მომხდარ მოვლენებზე, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, მოისმინოთ კომპეტენტური პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე და ყოველთვის იყოთ მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში.

შემოგვიერთდით! გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 24 საათის განმავლობაში - ჩვენ უტყუარ ინფორმაციას და საუკეთესო განწყობას  გპირდებით!

რადიოს ისტორია

რადიომაუწყებლობის განვითარება საქართველოში სამხედრო დანიშნულების რადიოსადგურების  დამონტაჟებით იწყება. 1918 წელს თბილისში სამხედრო დანიშნულების მცირე სიმძლავრის გადამცემი სადგური არსებობდა. იგი უკავშირდებოდა ყარსს, ბაქოს, ერევანს, ასტრახანს და სარატოვს. მცირე სიმძლავრის რადიომიმღებები ფუნქციონირებდა ბათუმსა და ფოთში.

ბათუმის პორტიდან ტალღოვანი რადიოკავშირი მყარდებოდა  აკვატორიაში შემომავალ გემებთან.

1921 წლის საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა ამბობს, რომ  ქიაზიმ  ბეიმ  ბათუმის აღებისას  რადიო დაიკავა.

ქართული სამოქალაქო, სამაუწყებლო რადიოს ისტორია  თბილისში 1925 წლის 23 მაისის საცდელი გადაცემის ეთერში გასვლიდან იწყება.

ამავე წელს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის  დადგენილების შესაბამისად,შეიქმნა აჭარის რადიომოყვარულთა საზოგადოება, დაიწყო რადიომიმღებების დამონტაჟება მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

1925 წლის 26 მაისს ბათუმში რადიომიმღებით მოსკოვიდან პირველი ცნობა მიიღეს.

პირველი რადიოგადაცემის ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი დოკუმენტურად  არ დასტურდება. სავარაუდო თარიღები 1928 წლიდან 1932 წლამდე მერყეობს. დროის ამ მონაკვეთში, შესაძლებელია, რადიოეთერში ადგილობრივი უწყების ლოკალური გამოშვებები გასულიყო. ამ დროს ბათუმის რადიოსადგურს ტექნიკურად უნდა ჩაეჭრა მოსკოვის ან თბილისის რადიოარხი.

 ერთ-ერთი ვერსიით, პირველად აჭარის რადიომ მოსახლეობას  ინფორმაცია  მოსკოვის რადიოსიგნალის მიღების შესახებ მიაწოდა. ანუ, ვიდრე 1925 წლის 26 მაისს ბათუმი რადიომიმღების საშუალებით მოსკოვიდან   პირველ ცნობას მიიღებდა, ამავე არხის გამოყენებით, გადაიცა ინფორმაცია ამ მოვლენის  შესახებ. შესაძლებელია, ეს ფაქტი მივიჩნიოთ აჭარის რადიოს დაბადების სიმბოლურ დღედ.

აჭარის სახელმწიფო არქივში ინახება დოკუმენტი 1932 წლის 10 მაისს  აჭარის ცაკთან  აჭარის რადიოგადაცემის კომიტეტის შექმნის შესახებ.  რადიოკომიტეტის რწმუნებულის პოსტზე ალექსანდრე მიქელთაძედაინიშნა.

 აჭარის სახელმწიფო არქივში რადიოგადაცემების შესახებ პირველი დოკუმენტი 1937 წლის 1 ნოემბრით თარიღდება. იგი რადიოგადაცემების რეგისტრაციის ჟურნალს წარმოადგენს.

მაუწყებლობა 50-იან წლებამდე ბათუმის საქალაქო კვანძის მეშვეობით  ვრცელდებოდა. 50-იანი წლებიდან მოსახლეობას  ინფორმაცია მოკლე ტალღების გადამცემი რადიოსადგურით მიეწოდება, 1968 წლიდან კი 30 კილოვატიანი საშუალოტალღოვანი სადგური ამოქმედდა.   საშუალო სიგრძის  ტალღები თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. აჭარის რადიოტალღების დაჭერა შეეძლო თურქეთის საზღვრებში მოქცეული ქართული სოფლების მოსახლეობასაც. ამ პერიოდში აჭარის რადიოს მაუწყებლობა სულ სამ საათს მოიცავდა: დილის 10-დან 11 საათამდე, საღამოს 5-დან-7 საათამდე.

1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა. 2001 წლიდან კი აჭარის რადიო, თანამგზავრული სადგურის მეშვეობით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს მოიცავს. ამ დროიდან მაუწყებლობა 24საათიანია.

აჭარის რადიომ, თავისი არსებობის მანძილზე,  უნიკალური ოქროს ფონდი შექმნა, სადაც დაცულია ქართველი მწერლების, პოეტების, ხელოვნების წარმომადგენლების და სახელმწიფო მოღვაწეების ხმები.

 ყველაზე ძველი ფირი 1953 წლით დათარიღებული ჩანაწერია. გალაკტიონ ტაბიძე  თავის შედევრს - „მთაწმინდის მთვარე“კითხულობს.

აჭარის სახელმწიფო არქივში აჭარის რადიოს ხმოვანი ფონდი რეგულარულად  1956 წლიდან ინახება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას, სამეურვო საბჭო განსაზღვრავს პროგრამულ პრიორიტეტებს და მონიტორინგს უწევს მათ შესრულებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე  2016 წლის 24 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭომ აირჩია ნათია კაპანაძე. ნათია კაპანაძე უფლებამოსილებას ახორციელებს 2016 წლის 21 დეკემბრიდან.